ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანისტი მწერალი, რეი ბრედბერი 1920 წლის 22 აგვისტოს, ილიონისის შტატში, ქალაქ უოკიგანში, დაიბადა, მწერლის ბავშვობა ძალიან გავდა მის წიგნში – „ბაბუაწვერას ღვინო“ აღწერილ ამბებს, განცდებს და გარემოს, უოკიგანის ქუჩებისა და სახლების განლაგებაც კი ზუსტად ემთხვევა ნოველის მთავარი ქალაქის – გრინთაუნის გეგმას, რომელიც ბრედბერმა გამომცემლის თხოვნით დახატა; მთავარი გმირი დაგლას სპოლდინგი კი ბრედბერის პროტოტიპია. დაგლასი მწერლის მეორე სახელია, ხოლო სპოლდინგი მამამისის მეორე სახელი იყო. წიგნში შეკრებილი, 12 წლის ბიჭის ერთი ზაფხულის ჯადოსნური შეგრძნებები და საოცარი აღმოჩენები, მთელი ცხოვრება გაყვება ავტორს და ისათად აქცევს, როგორსაც ახლა ვიცნობთ.

10991242_1479025229003383_3592992469395649021_n

როგორც მოგვიანებით გაიხსენებს, ჯერ კიდევ 7-8 წლის ასაკიდან კითხულობდა ჟურნალებს მეცნიერულ ფანტასტიკაზე, რომელიც ბაბუის სახლში სტუმრებს მოჰქონდათ და შთამბეჭდავი ყდების გამო, სხვა მხატვრულ ლიტერატურასთან ერთად, მისი მშიერი ფანტაზიის წყაროს წარმოადგენდნენ.

„ჟიულ ვერნი მამაჩემი იყო. ჰერბერტ უელსი – ჩემი ბრძენი ბიძა. ჩვენი სახლის სხვენში ბინადრობდა ჩემი ღამურისფრთებიანი ბიძაშვილი ედგარ ალან პო. ალბათ, ზედმეტიც კია იმის თქმა, რომ დედად „ფრანკენშტეინის“ ავტორი მერი უოლსტონკრაფტ შელი მიმაჩნდა.“

ცოტა ხანში უკვე თვითონ დაიწყო წერა და 9 წლის ასაკში საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მწერალი უნდა გამოსულიყო.

1934 წელს ბრედბერის ოჯახი ლოს ანჯელესში გადასახლდა, სადაც მან მთელი ცხოვრება გაატარა. ფულის უქონლობის გამო რეიმ უმაღლესი განათლება ვერ მიიღო, იგი რამდენიმე წელი გაზეთების გამყიდველად მუშაობდა და პარალელურად საჯარო ბიბლიოთეკაში თვითგანათლებას იღებდა.

„10 წლის განმავლობაში, კვირაში სამჯერ დავდიოდი საჯარო ბიბლიოთეკაში, ასე მიღებული განათლება უკეთესი იყო, ვიდრე უნივერსიტეტში. კარგი იქნება, ყველა ასე თუ მოიქცევა, ასე ხომ შესაძლებელია, უმაღლესი განათლება უფასოდ მიიღო. 10 წლის შემდეგ, წაკითხული მქონდა ყველა წიგნი, რომელიც ბიბლიოთეკაში იყო და 1000-ზე მეტი მოთხრობის ავტორი ვიყავი.“

1947 წელს, 27 წლის ასაკში, რეი ბრედბერი მარგარეტ მაკლურზე დაქორწინდა.

„როდესაც ადამიანი ჩვიდმეტი წლისაა, მან ყველაფერი იცის. როდესაც ის ოცდაშვიდისაა და მაინც ყველაფერი   იცის, ესე იგი ის ჯერ კიდევ ჩვიდმეტის ყოფილა.“ (ბაბუაწვერების ღვინო)

ერთად ცხოვრების პირველ წლებში ოჯახს მატერიალურად მარგარეტი უზრუნველყოფდა, რაც რეის საშუალებას აძლევდა, გამუდმებით ეწერა. მარგარეტი იყო მისი ნაწარმოებების პირველი მკითხველი, მანვე აკრიფა „მარსის ქრონიკები“, რომელიც 1950 წელს დაიბეჭდა და ბრედბერმა მეუღლეს მიუძღვნა, რასაც 1951 წელს, „ტანმოხატული კაცი“ მოჰყვა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოთხრობით – „კალედეისკოპი“.

1953 წელს კი ანტიუტოპია „451 გრადუსი ფარენჰეიტით“ გამოქვეყნდა და ბრედბერი საქვეყნოდ გახდა ცნობილი.

მომდევნო წლებში კი „ბედნიერების მექანიზმები“ გამოქვეყნდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთხრობით „ტირანოზავრი რექსით“.

1971 წელს ბრედბერის პატივსაცემად აპოლო 15-ის ასტრონავტებმა ერთ-ერთ კრატერს მთვარეზე „ბაბუაწვერას კრატერი“ დაარქვეს, მოგვიანებით კი ერთ-ერთ ასტეროიდს „ბრედბერი 9766“ ეწოდა.

ამასობაში რეის უკვე 4 შვილი ჰყავდა, ცხოვრება კი მეცნიერების და ტექნიკის განვითარების პარალელურად, ნელ-ნელა მის ფანტასტიკურ მოთხრობებში წაკითხულს ემსგავსებოდა.

„არ მიყვარს მანქანები. ვერ ვიტან ინტერნეტს, კომპიუტერებს. ისინი ცხოვრებას გვიშლიან, დროს გვართმევენ. ადამიანები მეტისმეტად დიდხანს მუშაობენ კომპიუტერებთან, მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობენ იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს უსმინონ“.

2003 წელს ბრედბერის მეუღლე გარდაიცვალა და მათი 56 წლიანი თანაცხოვრებაც დასრულდა.

მეუღლის დაღუპვიდან რამდენიმე წელში, „ბაბუაწვერას ღვინოს“ გამოქვეყნებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, რეიმ მისი გაგრძელება – „მშვიდობით, ზაფხულო“ დაწერა, რომელიც დაგლასის მომდევნო ზაფხულს ასახავს და ამჯერად უკვე მოხუცის თვალით დანახულ ბავშვობის განცდებს და ემოიციებს გადმოგვცემს და ადასტურებს იმას, რაც ჯერ კიდევ 50 წლის წინ დაწერა.

„პირველი, რასაც ცხოვრებაში იგებ, არის ის, რომ შენ სულელი ხარ. ხოლო უკანასკნელი, რასაც იგებ, არის ის, რომ შენ კვლავ სულელი ხარ.“ (ბაბუაწვერების ღვინო)

„სიკეთე და ჭკუა – სიბერის მაჩვენებელია. ოცი წლის ასაკში ადამიანი გაცილებით უფრო უგულო და უყურადღებოა.“ (ბაბუაწვერების ღვინო)

„მიყვარს, როცა ვტირი. გულამოსკვნით ტირილის შემდეგ, გგონია, რომ ისევ დილაა და დღეს თავიდან იწყებ.“ (ბაბუაწვერას ღვინო)

„ომში გამარჯვებული არ არის. ყველაფერს აკეთებენ, რათა დამარცხდნენ. ხოლო დამარცხებული მხოლოდ ბოლოში ითხოვს მშვიდობას.“ (ბაბუაწვერების ღვინო)

„რაც არ უნდა ძალიან ეცადო იყო ის, რაც ოდსღაც იყავი, მხოლოდ ის იქნები, ვინც ახლა და აქ ხარ.“ (ბაბუაწვერას ღვინო)

„გაიღიმე, ნუ დააკმაყოფილებ უბედურებას.“ (ბაბუაწვერების ღვინო)

რეი ბრედბერი 2012 წლის 5 ივნისს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„როცა ატმოსფეროს შევეჯახები, მე დავიწვები როგორც მეტეორი, ნეტავ, ვინმე თუ დამინახავს? პატარა ბიჭმა სოფლის გზაზე, ცაში აიხედა და დაიყვირა „შეხედე, დედა, შეხედე, ვარსკვლავი ჩამოვარდა!“ კაშკაშა, თეთრმა ვარსკვლავმა ილიონისის ცაზე გაიელვა და გაუჩინარდა. „სურვილი ჩაიფიქრე!“ – უთხრა დედამ შვილს…“ (კალედეისკოპი)

იმავე წელს, მის 92-ე დაბადების დღეზე, ნასას კოსმოსურმა ხომალდმა „კურიოზითიმ“ პირველად დადგა ფეხი მარსზე, რაც ისტორიაში „ბრედბერის დაშვების“ სახელით შევიდა.

Interior-A-RESIZE

Photo by Los Angeles Times

თუმცა დედამიწაზე ყოველთვის ასეთ პატივში არ ყოფილა, 2015 წლის 15 იანვარს, კალიფორნიაში, ბრედბერის სახლი, სადაც მწერალმა ნახევარ საუკუნეზე მეტი გაატარა და რომელიც სავარაუდოდ მისივე შეღებილი იყო, ახალი მფლობელის მოთხოვნით დაანგრიეს.

Photo by Los Angeles Times

Photo by Los Angeles Times

„ერთადერთი რამ რაც ოდესმე შენი საკუთრება იქნება, შენი შემოქმედებაა, ჩემი წიგნები ჩემი საკუთრებაა…როცა შენ ღებავ სახლს, მაგალითად… მე შევღებე ერთხელ სახლი, პირველად ცხოვრებაში, ეს იყო ძალიან მძიმე სამუშაო, მაგრამ როცა დავასრულე და შევხედე, ის ძალიან ლამაზი იყო და მე ამაყი ვიყავი, უცებ სახლი ჩემად იქცა. ასე რომ,  ჩვენ ვარსებობთ, მხოლოდ მაშინ როცა ვქმნით, ჩვენ ვფლობთ რამეს მხოლოდ მაშინ, როცა ვქმნით, ჩვენ გვიყვარს მხოლოდ მაშინ, როცა ვქნით და შევიცნობთ.“

Photo by Los Angeles Times

Photo by Los Angeles Times

„შეიყვარე და ყოველთვის გიყვარდეს, წერე მხოლოდ ის, რაც გიყვარს და გიყვარდეს, რასაც წერ. მთავარი აქ სიყვარულია. ყოველ დილით უნდა ადგე და დაწერო იმაზე, რაც გიყვარს, იმაზე რისთვისაც ღირს ცხოვრება.“

„თუ არ განიწმინდები და გათავისუფლდები, დაძაბულობა დარჩება შენში და გაგანადგურებს. ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია თავისუფლად სიცილი, ავადმყოფი ადამიანი; ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია ტირილი, ავადმყოფი ადამიანია; ადამიანი, რომელიც ვერ თავისუფლდება ძალმომრეობისაგან სპორტით, წერით, ხატვით, თუ სცენაზე თამაშით… ავადმყოფი ადამიანია.“

„ის ვისაც აღარფრის უკვირს, სიყვარული აღარ შეუძლია, თუ სიყვარული აღარ შეუძლია, ცხოვრება აღარ ჰქონია, ხოლო თუ ცხოვრება აღარ ჰქონია, სამარეში ყოფილა“. (ზაფხულის დილა, ზაფხულის ღამე)

„ჩვენ ერთ ვალდებულება გვაქვს – ვიყოთ ბედნიერები.“ (ბედნიერების მექანიზმები)